არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები გამოუსწორებელი იქნება.
„ძალიან მძიმე წნეხის ქვეშ არიან ივანიშვილიც და მისი ქვეშევრდომებიც. ეს ჩანს კუბილიუსისთვის პასუხის გაცემის დროსაც, სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანიშვნის დროსაც. პასუხის ერთი ნაწილი ეკუთვნის ივანიშვილს და მეორე ნაწილი ეკუთვნის წერილის ადრესატს - კუბილიუსს ან უკრაინას“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას მთავრობისგან მოლოდინი არც აქვს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუას პოლიტპატიმრებს უწოდებენ. მისი განცხადებით, მთავარია 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს.
„ჩვენ მათგან ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ პოლიტპატიმრებს უწოდებენ იმ პატიმრებს, ვის გათავისუფლებაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მთავარია, რომ ეს ხალხი გათავისუფლდეს და შეთანხმება შესრულდეს. მორჩა და დამთავრდა - წერტილი!“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი საბა ბუაძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, რომ წერტილებით და დეფისებით საკუთარ თანაგუნდელებს ელაპარაკოს. მისივე თქმით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.
„წერტილებით, დეფისებით და წერილებით გიორგი გახარია საკუთარ თანაგუნდელებს ესაუბროს. რეალობა არის ჯიუტი. ის, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზიაცია და საქართველოს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს ის პირობა, რომელიც 8 მარტს გაფორმებული შეთანხმებით შედგა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
გიორგი გახარიამ დღეს ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“.
გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.